English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ დავით ბასიაშვილისლავა ფეტელავა
ეკონომიკური პრობლემების სივრცობრივ-რეგიონული ასპექტები

სტატია ეხება ევროსტატის ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა სტატისტიკისათვის (Nomenclature of Territorial Units for Statistics - NUTS) შესაბამისად, კერძოდ, შემოთავაზებული სცენარის NUTS 2-ის დონეზე, საქართველოს რეგიონებს შორის ეკონომიკური განვითარების უთანაბრობის არსებულ მდგომარეობასა და მის მიზეზებს.
ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური გათანაბრების (Cohesion) პოლიტიკა მიზნად ისახავს ევროპის რეგიონებს შორის განვითარების უთანასწორობის დაძლევას. სტატისტიკის ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა (NUTS) გამოიყენება ევროკავშირის პოლიტიკის, როგორც საერთო სოციალურ-ეკონომიკური სტატისტიკური მონაცემების სისტემის შესაფასებლად, ასევე ამ პოლიტიკის ეფექტურობის მონიტორინგისა და შეფასებისთვის. NUTS კლასიფიკაციის მთავარი მიზანია, შექმნას სისტემა სტანდარტიზებული სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და გამოქვეყნებისთვის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ანალიზისთვის, ასევე პოლიტიკის განხორციელებისთვის.
სტატიის მიზანია, NUTS კლასიფიკაციის შესაბამისად, NUTS 2-ის დონეზე -თბილისი, აღმოსავლეთ საქართველო და დასავლეთ საქართველო, მოახდინოს არსებული სტატისტიკური ინფორმაციის აგრეგირება და წარმოაჩინოს არსებული განვითარების უთანაბრობა შემოთავაზებული სცენარის მიხედვით.

საკვანძო სიტყვები: რეგიონი, სტატისტიკის ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა NUTS, რეგიონების სოცილაურ-ეკონომიკური უთანაბრობა, მოსახლეობა, მთლიანი შიდა პროდუქტი, სექტორული დასაქმება და უმუშევრობა, სოფლის მეურნეობა

შესავალი

2018 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მომზადდა და ხანგრძლივი საჯარო განხილვების შედეგად მიღებულ იქნა - „2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა“. დოკუმენტში ჯეროვნად არის შეფასებული ის ეკონომიკური, სოციალური პრობლემები და გამოწვევები, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში. გამოვლენილი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების ჩამონათვალიდან, რასაც რეგიონული განვითარების პროგრამა ითვალისწინებს, დღის წესრიგში აყენებს სამი უმთავრესი საჭიროების ღონისძიების განხორციელებას: 1) ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება; 2) რეგიონებს შორის მკვეთრი განსხვავებების უთანაბრობების შემცირებას ეკონომიკური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით და 3) რეგიონული განვითარების პოლიტიკის ინსტრუმენტების შემდგომ გაუმჯობესებას.
რეგიონული განვითარების სტრატეგიული ხედვა ეფუძნება ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური გათანაბრების (Cohesion) პოლიტიკის უახლეს მიდგომებს, რომლის მიზანია რეგიონების ჰარმონიზებული და დაბალანსებული განვითარება და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდა.
ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური გათანაბრების პოლიტიკა მიმართულია ევროპის რეგიონებს შორის განვითარების უთანაბრობის დასაძლევად. ევროკავშირის პოლიტიკის, როგორც საერთო სოციალურ-ეკონომიკურ სტატისტიკურ მონაცემთა სისტემის ორგანიზების, აგრეთვე, ამ პოლიტიკის ეფექტურობისა და შედეგიანობის მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტის შესაფასებლად, გამოიყენება სტატისტიკის ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა - NUTS.
NUTS თავის მხრივ მოიცავს სამ იერარქიულ დონეს:
• NUTS 1 - ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური რეგიონები. მოსახლეობის მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა 3-7 მლნ;
• NUTS 2 - ძირითადი რეგიონები რეგიონული პოლიტიკის გამოყენებისთვის. მოსახლეობის მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა 8 ათასიდან 3 მლნ-მდე;
• NUTS 3 - მცირე რეგიონები სპეციფიკური დიაგნოზისთვის. მოსახლეობის მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა 150 ათასიდან 800 ათასამდე.
NUTS კლასიფიკაციის უმთავრესი მიზანია სტანდარტიზებული სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და გამოქვეყნების სისტემის შექმნა, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ანალიზის, ასევე, პოლიტიკის განხორციელებისათვის.

 

საქართველოს რეგიონული ეკონომიკა NUTS 2-ის სცენარის მიხედვით

საქართველო მოიცავს - ორ ადმინისტრაციულ ერთეულს (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები), ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს და ათ სტატისტიკურ და ეკონომიკურ-გეოგრაფიულ რეგიონს (სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, იმერეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი და თბილისი), რომლებსაც (გარდა თბილისისა) არ გააჩნიათ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სტატუსი. ტერმინი „რეგიონი“ განიმარტება, როგორც საქართველოს სტატისტიკური და ეკონომიკურ-გეოგრაფიული დაგეგმვის რეგიონები .
საქართველოს დღევანდელ ,,რეგიონებს“ არ გააჩნიათ არც სამართლებრივი და არც ისტორიული წანამძღვრები. ერთადერთი, რასაც ეს დაყოფა ემყარება არის ,,კუთხური“ მიკუთვნებულობის განცდა. ასეთი სტატისტიკური დაყოფა კარდინალურად განსხვავდება ევროკავშირის NUTS კლასიფიკაციისაგან (სტატისტიკის ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა), რომელიც არის იერარქიული სისტემა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ტერიტორიის დაყოფისთვის, რათა განხორციელდეს ევროპის რეგიონული სტატისტიკის შეგროვება, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი, განვითარება და ჰარმონიზაცია.
NUTS რეგიონებად დაყოფის შემოთავაზებული სცენარის მიხედვით (ამოსავალი წერტილი იქნება ის, რომ საქართველო მთლიანად შეესაბამება NUTS 1-ის დონის რეგიონს) საქართველო იყოფა სამ - NUTS 2-ის და და ათ - NUTS 3 რეგიონად. კერძოდ, შემოთავაზებული სცენარის მიხედვით, NUTS 2-ის დონეზე განიხილება -თბილისი, აღმოსავლეთ საქართველო და დასავლეთ საქართველო. ხოლო NUTS 3 -ის დონეზე კი წარმოდგენილი იქნება - სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, იმერეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი და თბილისი. ეს სცენარი ყველაზე პრაქტიკული და დღევანდელი რეგიონული პოლიტიკის შესაბამისია, რამეთუ ყველა არსებული რეგიონი წარმოდგენილი იქნება, როგორც დამოუკიდებელი NUTS 3 რეგიონი, რაც პირველ რიგში სრულად ესადაგება საქართველოში დღეისთვის არსებულ ადმინისტრაციულ დაყოფას, მის მართვას და ასევე, თანხვედრაშია რეგიონული სტატისტიკის წარმოებასთან. ასეთი დაყოფის შემთხვევაში, ,,საქსტატს“ არ მოუწევს NUTS 3-ის დონეზე მიმდინარე კვლევების და მათი შედეგების გაერთიანება. ,,საქსტატის“ მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ მოხდეს მეთოდოლოგიური სრულყოფა, გაიზარდოს სტატისტიკური მომაცემების ჩამონათვალი და გაუმჯობესდეს ხარისხი.
საქართველოს რეგიონები განსხვავდება ტერიტორიული, სოციალური და ეკონომიკური მახასიათებლებით: მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქციით, ურბანული ტიპის და სასოფლო დასახლებების რაოდენობით, მოსახლეობის რაოდენობით, ასაკობრივი შემადგენლობით და სიმჭიდროვით, დასაქმების დონით, სექტორული დასაქმების ტიპის და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებით, რაც განაპირობებს მათ სოციალურ და ეკონომიკურ უთანაბრობას.
მთლიანი რეგიონული პროდუქტი (GRP) არის ქვეყნის და რეგიონების ეკონომიკური აქტივობის დონის მაჩვენებელი. ის მოიცავს ეკონომიკური საქმიანობის ყველა ასპექტს, მათ შორის პირველადს (მაგ. სამთო, სოფლის მეურნეობა), მეორადს (მაგ. წარმოება, საკვების გადამუშავება) და მესამეულს (მაგ. განათლება, ფინანსური მომსახურება) სექტორებს. რეგიონების მიერ შექმნილი დარგობრივი მშპ, რეგიონების მიხედვით მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ, სექტორული დასაქმება და უმუშევრობის დონე მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს ბიზნესის განვითარების არსებულ დონეს და იმ გამოწვევების სრულ ჩამონათვალს, რასაც აწყდება ბიზნესი, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით ასევე რეგიონების მიხედვით, რაც უფრო თვალნათელი გახდა კოვიდ-19 პანდემიის პირობებში.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის 2020 წლის მონაცემებით, ქვეყნის მშპ საბაზისო ფასების მიხედვით შეადგინა 43 136.60 ათასი ლარი.
NUTS 2-ის მიხედვით მონაცემების დაჯგუფებით ირკვევა, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მშპ სიდიდით, არსებითად არ განსხვავავდება ერთმანეთისგან და შეადგენს ქვეყნის მშპ 24% და 26%

აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მშპ-ის  წარმოება განპირობებეულია, ქვემო ქართლში არსებული - რუსთავის სამრეწველო საწარმოების და ბოლნისის სამთომომპოვებელი მრეწველობის  მადნეულის საწარმოს არსებობით. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს - კახეთს, შიდა ქართლს, მცხეთა - მთიანეთს  და სამცხე -ჯავახეთს,  მათი წილი შეადგენს  - 5%, 4%, 3% და 3%-ს (იხ. ცხრილი 2). 

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მშპ-ს, მასში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (9%) და იმერეთის (8%) წილი სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო მაღალია, რაც განპირობებულია აჭარასა და იმერეთში ურბანული ტიპის დასახლებების არსებობით. დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონების -სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და გურიის წილებს ქვეყნის მშპ- ში ის შესაბამისად შეადგენს 6%, 1% და 2%-ს.
თბილისზე მოდის მშპ-ის 51%. დედაქალაქის ასეთი მნიშვნელოვანი წილი მშპ-ის წარმოებაში არის საქართველოს და მისი რეგიონების ყველაზე დიდი გამოწვევა. მშპ-ში რეგიონებს შორის მკაფიო განსხვავება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია: საბანკო და საფინანსო საქმიანობის, ბიზნესაქტივობის და ეკონომიკური საქმიანობის, მოცემულ კონკრეტულ რეგიონში ურბანული ერთეულის, სამრეწველო ობიექტის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების და სატრანსპორტო ჰაბის არსებობით. თბილისზე, სადაც ქვეყნის მშპ-ის 51% იქმნება, ეკონომიკური საქმიანობის ყველაზე დიდი წილი - 23% მოდის საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე და მშენებლობაზე, შესაბამისად - 13% და 14 %. მრეწველობა და წარმოება ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობის სექტორებს წარმოადგენს ქვემო ქართლში.
NUTS 2-ის მიხედვით შემოთავაზებული სტატისტიკური რეგიონების სქემის თანახმად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლები (შესაბამისად 8,2 ათასი და 8,7 ათასი ლარი) 2,1 ჯერ ნაკლებია თბილისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. (იხ ცხრილი 3).

ასეთივე დიდი უთანაბრობით ხასიათდება მშპ-ის განაწილება ერთ სულ მოსახლეზე რეგიონების მიხედვით. ამასთან, მშპ-ის ფორმირებაში                                        ადამიანკაპიტალთან ერთად, გადამწყვეტი  მნიშვნელობა აქვს ძირითად კაპიტალს, რომლის მოცულობამ 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 38 473 მლნ ლარი, საიდანაც  თბილისზე მოდის -  64% და  აჭარაზე -11%, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე - 25%. აღსანიშნავია, რომ  გურიის  და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში  ეს მაჩვენებელი შეადგენს - 1,2% და  0.1%-ს.

რაც შეეხება რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობას 2020 წელს -  თბილისზე მოდის - 44%, დასავლეთ საქართველოზე - 34%, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოზე -23%. 

რეგიონების ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია დასაქმებისა და უმუშევრობის დონე. დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები, შემოთავაზებული სცენარის მიხედვით, თითქმის იდენტურია. 2021 წელს ქვეყანაში არსებული სამუშაო ძალა შემდეგნაირად ნაწილდებოდა: აღმოსავლეთ საქართველოში - 33%, დასავლეთ საქართველოში - 35%, ხოლო თბილისში - 32%-ს. ამასთან, მონაცემების მიხედვით, შრომითი დაქირავების უდიდესი წილი მოდიოდა თბილისზე - 39%. რაც შეეხება, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს, ეს მაჩვენებელი იყო - 28% და 39%. თვითდასაქმებულ პირთა მაღალი რაოდენობა აღმოსავლეთ საქართველოში (45%) განპირობებეულია იმით, რომ აქ უფრო მეტად არის წარმოდგენილი სოფლის მეურენობაში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, ვიდრე დასავლეთ საქართველოში და შეადგენდა სამუშაო ძალის 41%-ს. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ თვითდასაქმებულ პირთა რაოდენობა 14%-ია, რაც განპირობებულია იმით, რომ თბილისში მეტი ადამიანია დასაქმებული სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა სტრუქტურაში, საწარმოებსა თუ ორგანიზაციებში.

სამუშაო ძალის დასაქმების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით, ათასი კაცი (2021 წ.)

ცხრილი 6.

ქვეყნის ეკონომიკის, და შესაბამისად, რეგიონული ეკონომიკის არათანაბარ განვითარებაზე მოქმედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს - ადამიანკაპიტალისა და დემოგრაფიული უსაფრთხოების საკითხები. კერძოდ, რეგიონების მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება, დაბერების არასასურველი ტენდენციები, რაც აისახება მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების ცვლილებებში. მოსახლეობის დეპოპულიზაცია, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა, მაღალმთიან და კონფლიქტის მიმდებარე რეგიონებში, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, როგორც ეკონომიკისა და ბიზნესისათვის, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია სადაც მოსახლეობა 2010 წლიდან 2021 წლამდე 36.3 ათასი კაციდან 27,9 ათასამდე შემცირდა. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით არის სოფლები, სადაც, როგორც ასეთი - პირველკლასელები საერთოდ არ არიან.
რეგიონებში სამუშაო ძალის, თუ შეიძლება ასე ითქვას, არაკვლავწარმოება და რეგიონების უმეტესობაში სოციალურ დახმარებებზე მაღალი დამოკიდებულება, ქმნის ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციებისთვის არასასურველ გარემოს. რეგიონის არსებულ და სამომავლო განვითარების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად მიიჩნევა პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანების არსებობა და განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა, რაც განპირობებულია რეგიონებში სამუშაო ადგილების არსებობით და ადგილების შექმნის სამომავლო პერსპექტივებით. რეგიონებს შორის სოციალური (ჯანდაცვა, ზოგადი განათლება, სოციალური დახმარება, პროფესიული განათლება, საჯარო მომსახურება და ბავშვებზე ზრუნვა) დისბალანსი უფრო შესამჩნევი ხდება დეპრესიულ (დეპრესიულია რეგიონი, სადაც პენსიები და სოციალური დახმარებები აღემატება საგადასახადო შემოსავლებს) რეგიონებში.
სოფლის მეურენობის წილი, საქართველოა მშპ-ში შეადგენს 10%-ზე ნაკლებს, ეს მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი. საქართველოს სოფლის მეურნეობა ფრაგმენტულია, რაც განპირობებულია იმით, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელების უმეტესობის საკუთრებაშია 1 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი. ცხადია, რომ საკვები პროდუქტების კონკურენტუნარიანი წარმოებისათვის, XXI საუკუნეში, როგორც არასდროს, გადამწყვეტია, მასშტაბის ეკონომია და თანამედროვე ტექნოლოგიები. ინდუსტრიული წარმოება, მასში გამოყენებული ტექნოლოგიები და მასშტაბის ეკონომია არის ერთადერთი გზა მასობრივი მოხმარების სოფლის მეურნეობის პროდუქტების კონკურენტუნარიანი წარმოებისათვის. ფაქტია, მცირე მეურნეობები უმთავრესად არიან თვითკმარნი, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ წარმოების ეკონომიკურ მასშტაბს და დაბალი შრომის მწარმოებლურობის, მიღებული სარგებელით ვერ ფარავენ ამ საქმესთან დაკავშირებულ შრომით და ფულად ხარჯებს და ვერ ანაზღაურებენ მოსავლის მიღებისა და მისი რეალიზაციის რისკებს. ასეთი ტიპის მეურნეობებს შორის დაბალია რა კოოპერაციის დონე, ისინი არათუ ვერ უზრუნველყოფენ სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობას, არამედ ვერ აკმაყოფილებენ ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნას სოფლის მეურნეობის პროდუქციის ისეთ სახეობაზე, როგორიცაა მარცვლეული კულტურები, რაც მას ნაკლებ საინტერესოს ხდის ინვესტორებისთვის.
ამასთან, ცხადია ისიც,რომ მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ხარჯებისა და განხორციელებული რეფორმებისა, ქვეყანაში შემოდის მლრდ დოლარზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომლის წარმოების შესაძლებლობები და კლიმატური პირობები საქართველოში გაცილებით უკეთესია ვიდრე ექსპორტიორ ქვეყნებში.
ეკონომიკური საქმიანობის ევროკავშირის სტატისტიკური კლასიფიკატორის (STATISTICAL CLASSIFICATION OF ECONOMIC ACTIVITIES IN THE EUROPEAN COMMUNITY) შესაბამისად, ბიზნესაქტივობა - სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის სექტორში, შემოთავაზებული NUTS 2 სქემის მიხედვით შემდეგია (იხ.ცხრილი 7).

შემოთავაზებული სქემის მიხედვით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის სექტორში ლარის ბრუნვამ აღმოსავლეთ საქართველოში შეადგინა - 65,1%, რაც 2,6-ჯერ აღემატება დასავლეთ საქართველოს შესაბამის მაჩვენებელს. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის სექტორში ლარის ბრუნვის მიხედვით, წამყვანი ადგილები უჭირავს ქვემო ქართლს - 36,8%, სამეგრელო ზემო სვანეთს - 17,7% და კახეთს - 17,2%, რაც ჯამში ლარის მთლიანი ბრუნვის - 71,1%-ია. ამ სამივე რეგიონში პროდუქციის გამოშვების მოცულობამ შეადგინა მთლიანი პროდუქციის გამოშვების - 67,3%.
რაც შეეხება შემოთავაზებული NUTS 2-ის სქემის მიხედვით, სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და თევზის წარმოების სექტორში, ლარის ბრუნვის და პროდუქციის გამოშვების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოს წილი მთლიან მოცულობაში შეადგენს 63,9%-ს, რაც თითქმის სამჯერ აღემატება დასავლეთ საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებლებს.

დასკვნა და რეკომენდაციები

NUTS 2-ის შემოთავაზებული სქემის მიხედვით, სატატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობიდან და სტატიის მიზნებიდან გამომდინარე, რაც გამოიხატა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონების სტატისტიკური ინფორმაცის აგრეგირებით, კიდევ ერთხელ უკეთ წარმოჩინდა დედაქალაქის მნიშვნელოვანი წილი მშპ-ის წარმოებაში, რაც არის საქართველოს და მისი რეგიონების ყველაზე დიდი გამოწვევა. ასევე, დადგენილ იქნა, სასოფლო - სამეურენო და სატყეო სექტორის წარმოების ბრუნვის მოცულობის მკვეთრი უთანაბრობა აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებს შორის.
რეგიონებს შორის უთანაბრობის დაძლევის და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია დაგეგმვის დარგობრივი პრინციპებთან ერთად დაგეგმვის ტერიტორიული პრინციპების დანერგვა გადასვლა და ამ ორი პრინციპის ჰარმონიზაცია. ასევე, კლიმატური და სასოფლო სამეურნეო ტიპის წარმოებით უფრო ახლოს მყოფი, უფრო მსხვილი ეკონომიკური დაგეგმარების რეგიონის შემოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გართულდება ტერიტორიული უთანასწორობის დაძლევა და რეგიონებში არსებული პრობლემების მოგვარება, რის გარეშეც წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ზრდა, რეგიონებს და მუნიციპალიტეტებს შორის არსებული ეკონომიკური უთანაბრობის დაძლევა და რეგიონული პოლიტიკის სფეროში ჩართული სტრუქტურების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.

ლიტერატურა:
• საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა 2018-2021. https://www.mrdi.gov.ge/
• https://ec.europa.eu/regional_policy/en/policy/what/glossary/e/economic-and-social-cohesion. ბოლო ნახვა 2022, ივნისი
• ანგარიში საქართველოში ევროსტატის NUTS მეთოდოლოგიის გამოყენების, მისი პრაქტიკული შედეგებისა და საჭიროებების შესახებ
• https://ec.europa.eu/eurostat/web/nuts/principles-and-characteristics;
• https://forbes.ge/saqarthvelos-sophlis-meurn/;
• https://www.geostat.ge/ka/modules/categories/638/importi. ბოლო ნახვა 2022, ივნისი

References:
• Regional Development Program of Georgia 2018-2021. https://www.mrdi.gov.ge/ in Georgian
• https://ec.europa.eu/regional_policy/en/policy/what/glossary/e/economic-and-social-cohesion Last seen 2022, June
• Report on the Use of Eurostat's NUTS Methodology in Georgia, its Practical Results and Needs. In georgian
• https://ec.europa.eu/eurostat/web/nuts/principles-and-characteristics;
• https://forbes.ge/saqarthvelos-sophlis-meurn/;
• https://www.geostat.ge/ka/modules/categories/638/importi. Last seen 2022, June

Key words: region, nomenclature of territorial units of statistics NUTS, socio-economic inequality of regions, population, gross domestic product, sectoral employment and unemployment, agriculture.